ცრუ და უპასუხისმგებლო ბრალდებებს არ ვუპასუხებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განუცხადა, როდესაც 20 ივნისის აქციის ღამეს, ქაშვეთის ეკლესიის დაკეტვასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დეკანოზ შალვა კეკელიას კომენტარს გამოეხმაურა.

 

„20 ივნისის აქციის ნებისმიერი მონაწილე დაადასტურებს, რომ დარბევისას ქაშვეთის ტაძარს თავი ვერ შეაფარეს, ვინაიდან დაკეტილი იყო“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

ამასთან, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა.

 

"დიდი ხანია, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვთხოვ, განიხილოს სასულიერო პირების უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებები და დაისაჯონ ისინი კანონიკური სამართლით. მაგრამ ამაოდ. საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა", - აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

 

შეგახსენებთ, დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება და მას „ცრუ პეტრეს“ და „პატრიარქის მოწინააღმდეგეს“ უწოდებს.

 

„მეუფე პეტრე არის ცრუ, პატრიარქის მოწინააღმდეგე, ეკლესიაში შფოთის შემომტანი, „სიმართლის მანტიაში გახვეული" , ორპირი. მე თვითონ ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში და წმიდა გიორგის ხატთან პარაკლისი გადავიხადე მომიტინგეებთან და პოლიციელებთან ერთად. 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც ხალხის გვერდზე ვიყავი, ცრუ პეტრე სად იყო?“, - წერს დეკანოზი შალვა კეკელია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.