გიორგი გახარია, შენი შვილის ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუჩეხე, თვალები დათხარე, რა ნამუსით გძინავს, რა სინდისით იღვიძებ?! - ასე მიმართა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.

 

მისივე შეფასებით, გახარიას მინისტრობის ყოველი წამი უსირცხვილობაა.

 

„ჩვენ ყველა ადამიანებად ვიბადებით, დედიშობილები, ატირებულები, ჭიპლარმოჭრილები, და შემდეგ ჩვენს გონებასა და ორგანიზმში ჩნდება ერთი მაკონტროლებელი, რაც კომპასივით სწორ გეზს გვაძლევს - ამას სინდისი და ნამუსი ჰქვია. ჰოდა, გიორგი გახარია, ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი ხარ, როგორც ვიცი, შვილების მამა ხარ, შენი შვილის ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუჩეხე, თვალები რომ დათხარე, რა ნამუსით გძინავს?! რა სინდისით იღვიძებ?! რა სავარძლად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე. გახარიას, ანუ იგორ როდიონოვის სულიერი მემკვიდრის მინისტრობის ყოველი წამი უსინდისობა, უსირცხვილობა, „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის თავს ლაფია!“ - მიმართა ელისაშვილმა გახარიას.

 

მისივე თქმით, „პუტინსაც ვუჩვენებთ სეირს.

 

„ჯალალ-ედ დინს, მურვან ყრუს, თემურ ლენგს, სტალინს, ორჯონიკიძეს გავუძელით, ვლადიმერ პუტინსაც ვაჩვენებთ სეირს! და ყველანი ვნახავთ ცოტა ხანში ივანიშვილის დაქოქილ თვითმფრინავს, აქედან რომ გარბის!“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.