ხშირად, დღევანდელი პოლიციის ქმედება არის არა დანაშაულის გახსნა ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ დანაშაულის გასახსნელად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, - ამის შესახებ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საკმარისი არ არის ერთი პოლიციელის დასჯა.

 

„მე მახსოვს ჯერ კიდევ 2013 წელს მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელიც სწორედ ასე პოლიციაში წაიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს როგორც თავად ამბობდა და შემდეგ წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მაშინ შს მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო მუნდირის და პოლიციელთა ღირსების დაცვის საქმე და არავინ არ დაუსჯიათ, ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა არაერთი საქმე. ადამიანები ყვებოდნენ ძალადობაზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საკმარისი არ არის ერთი პოლიციელის დასჯა. ეს არის ჩვენი სისტემის დამახასიათებელი ქცევა, რასაც ის აკეთებს ყველა დაკავებულთან, უბრალოდ ზოგიერთი ვერ ეგუება, აპროტესტებს და მათ შორის, ასეთი ძალიან ცუდი ფორმებითაც გამოხატავს საკუთარ პროტესტს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. ხელისუფლების, რომელმაც ამდენი წლის მანძილზე არ ჩაატარა ეს რეფორმა, ამდენი წლის მანძილზე თვალი არ გაუსწორა სინამდვილეს, რომ პოლიციაში ადამიანებს დღესაც აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ძალადობენ მათზე”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მშვენიერაძემ განაცხადა, რომ „კონკრეტულ ფაქტზე თუ ვსაუბრობთ, ბუნებრივია ეს მოდის კონკრეტულ მინისტრზე, რომელიც მართავს შესაბამის უწყებას, მიუხედავად იმისა, მისი პირადი ბრალეულობა არის თუ არა ამაში“.

 

„თუმცა, თუ ზოგადად ვლაპარაკობთ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რომელიც „ქართული ოცნების” დაპირებაც იყო, რომ ადამიანური გამხდარიყო პოლიცია, ეს არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, არც ამ და არც წინა ხელისუფლების პირობებში არ გვიცდია შეგვეცვალა პოლიცია და გაგვეხადა ადამიანზე ორიენტირებული. გვეთქვა, რომ პოლიციელის მთავარი ფუნქცია არის ადამიანებისადმი მსახურება და პოლიცია არ ემსახურება ადამიანებისგან განყენებულად ცალკე სახელმწიფოს. პოლიციელთა ძირითადი ნაწილის ფუნქცია არის დანაშაულის გახსნა და ავიწყდებათ, რომ ამ დანაშაულის გახსნა თუკი თავად ჩადიან დანაშაულს, უფრო მძიმე დანაშაულია. რეალურად, პოლიციელები როცა ვინმეზე ძალადობენ დანაშაულის გასახსნელად, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი უფრო დიდი დამნაშავეები ხდებიან, ვიდრე ის პირი, ვისგანაც ინფორმაციის გამოტყუებას ცდილობენ”,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.