თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ მდგარი ატრაქციონები რკინის კონსტრქუციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

პარლამენტთან ასევე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

 

“გილოცავთ, წლის ბოლოს აქამდეც მოვედით, რომ არა თუ სიტყვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ და მედია პლურალიზმზე, იქამდე მოვედით, რომ ახალი წლის ღამე დადგება ძალიან მალე. ჩემი ცხრა მეგობარი ზის ამ მომენტში „კაპეზეში“. რამდენიმე გამოვიდა ერთი თვის წინ და მეორედ შეაბრუნეს. იქამდე მივედით, რომ ზვიგენები დაგვიდგეს, გონიოში და კვარიათში რაც იპოვეს, ის დადგეს. აქ ვინ უნდა მოიყვანონ, რომელმა მშობელმა უნდა მოიყვანოს შვილი ამ სისხლიან ადგილას? ეს არის ზუსტად ის, სადაც მივყავართ ამ ხელისუფლებას. იმ ადგილას, სადაც პროტესტი იყო გაჩაღებული, ახლა არა თუ კარვები აღარ არის, ფიზიკურადაც გვიკრძალავენ გადაადგილებას და პასუხიც არ აქვთ”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტების გეგმებს, გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი 12:00 საათზე შეიკრიბებიან პარლამენტთან.

 

“ამის შენგრევას არ დავიწყებთ. ჩვენ არ ვართ მარგინალები და არასდროს დაგვირღვევია კანონი. 12:00 საათზე აქ იქნება დედების აქცია, აქტივისტების ნაწილი იქნება სასამართლოში და შემდეგ სასამართლოდან წამოსული ყველა აქ მოვალთ”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.