მალხაზ მაჩალიკაშვილი მშობლებს მოუწოდებს, შვილები გასართობად პარლამენტის წინ განთავსებულ ატრაქციონებზე არ მიიყვანონ. როგორც მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მესამე წელია იგი პარლამენტის წინ მისი შვილის მკვლელის ვინაობის გასაგებად დგას.

 

„პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი, კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

 

თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ჩემი თხოვნა იქნება ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, ვინ არის თემირლანის მკვლელი. არა არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი,“ - წერს მაჩალიკაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით „თბილსერვის“ ჯგუფის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს და მათ ნაცვლად ატრაქციონები დადგეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.