პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, - ასე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე.

 

როგორც ის აცხადებს, დეკანოზისთვის ახლა შიმშილობა საფრთხის შემცველია და შეეცდება, ის გადაარწმუნოს და შიმშილობა შეაწყვეტინოს.

 

„ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან დასუსტებულია, პარალიზებული, კიდურები დაწვრილებული აქვს და ძალიან სუსტად გამოიყურება. მისი შიმშილობა კი არაა მხოლოდ საფრთხის შემცველი, არამედ მისი ციხეში ყოფნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა საფრთხის შემცველი. შესაძლოა, ამას ადამიანები ვერ აფასებდნენ, რადგან რეალურად არ იციან და ვერ ხედავენ, თუ რა სჭირს ჩემ ძმას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაჯაროებული არ არის. დარწმუნებული ვარ, მთავრობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცის, რადგან მათ ხელშია და იციან თუ რა სჭირს მას. პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს, ამიტომაც მთავრობა პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ურთიერთშეთანხმებით ხდება ჩემი ძმის საპყრობილეში დარჩენა.

 

შევეცდები, დავარწმუნო, რომ შიმშილობის გაგრძელება გადაიფიქროს, რადგან ჩემთვის უპირველესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის მე ჯანმრთელი მჭირდება, რადგან იმ სიბოროტეს, რაც დღეს ეკლესიაში არსებობს, ვებრძოლოთ“, - განაცხადა მამალაძემ.

 

ცნობისთვის, ადვოკატ ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.