გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა.

 

ილია მეორეს თქმით, არ უნდა შეგვეშინდეს.

 

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას, უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. აი, ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ასეთი მოწყალეა.

 

ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია, სასუფეველშია. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ღვთისგანგებითაა ეს ყველაფერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ - ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა.

 

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა დღეთა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. „ჩვენთან არს ღმერთი“.

 

მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.