უფალი ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს საქართველო როგორ გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომ ამ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

 

ილია მეორის თქმით, უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს.

 

„ჩვენ ვმადლობთ უფალს დიდი წყალობისათვის, ვამდლობთ ყველაფრისათვის - განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა და ყველაფრისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს. ეს არის უდიდესი სასწაული და წყალობა. ჩვენ დღეს სამადლობელო პარაკლისს აღვავლენთ და მადლობას შევწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჩემ მიერ დაწერილია განჩინება, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვდომილობის. მთელი კვირა ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწაულს. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.