მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები.

 

უწყება განმარტავს, რომ აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში, შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმაზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის შესახებ. Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებსა და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას.

 

1. მოწყობლიობების და აპლიკაციის ისტორია (Device & app history)

 

2. მიკროფონი - აუდიო ჩაწერა

 

3. ტელეფონის მეხსიერება

 

4. მაიდენტიფიცირებელი მონაცემები კამერა - ფოტო და ვიდეო გადაღება

 

5. Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია კონტაქტები - კონტაქტების  წაკითხვა

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული მონაცემების შენახვა შესაძლოა განხორციელდეს სინგაპურში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი.

 

მომხმარებლის შესახებ შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, აპლიკაციის ეფექტიანი ფუნქციონირების, მათ შორის, მისი გაუმჯობესების, განვითარების და პოპულარობის ხელშეწყობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის/რეკლამის შეთავაზების მიზნით. მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც:

 

1.  სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას;

 

2.  ანალიტიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მათ შორის, აწარმოებენ მიზნობრივ რეკლამებს;

 

3.  სარეკლამო კომპანიებს და სარეკლამო კომპანიათა ქსელებს, რომლებიც მათ შორის, აფასებენ აპლიკაციის რამდენმა მომხმარებელმა ნახა კონკრეტული რეკლამა, რა სახის აქტივობებს ახორციელებს მომხმარებელი აპლიკაციის ფარგლებში და სხვა ვებგვერდებზე (აღნიშნული შესაძლებელს ხდის მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკლამის შეთავაზებას).

 

TikTok აპლიკაციამ ყურადღება მიიქცია აშშ-ში. აპლიკაციის კომპანია 5.7 მილიონი დოლარით დაჯარიმდა ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ 13 წლის და უფრო პატარა ასაკის მქონე პირთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გამო. კომპანიას დაევალა, 13 წლის ასაკამდე ბავშვთა ვერიფიკაციის ადეკვატური ღონისძიებების დანერგვა, რომელიც გამორიცხავდა მათ მიერ აპლიკაციით სარგებლობას (რადგან აპლიკაციით სარგებლობისთვის შესაძლოა, ბავშვები ცრუ ინფორმაციას უთითებდნენ საკუთარ ასაკთან დაკავშირებით). პრობლემა შეიქმნა იმ კუთხითაც, რომ TikTok-მა საბჭოს მოთხოვნების მხედველობაში მიღებისა და ახალი პროფილის შექმნისას ასაკის ვერიფიკაციას ფუნქციის დამატების მიუხედავად, არ გაითვალისწინა ასეთი ვერიფიკაცია უკვე არსებული პროფილების მქონე პირების შემთხვევაში. კერძოდ, 2017 წლის ივლისიდან TikTok ითხოვდა ასაკის ვერიფიკაციას ახალი მომხმარებლებისგან, თუმცა არ განახორციელა ასეთი ვერიფიკაცია იქამდე არსებულ 56 მილიონამდე მომხმარებლებთან მიმართებით. შესაბამისად, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ცვლილებები არ შეეხოთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წაშალა ძველი მომხმარებლის პროფილი, მას არ წაუშლია ის მასალა, რაც ამ მომხმარებლების მიერ უკვე იყო ატვირთული აპლიკაციაში (ამასთან დაკავშირებით სამასამდე მშობელმა გამოთქვა პროტესტი ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრისთვის).

 

ამასთან, TikTok ინახავდა პერსონალურ მონაცემებს იმაზე მეტი ხნით, ვიდრე სჭირდებოდა. სწორედ ამ დარღვევების გამო იქნა დაჯარიმებული კომპანია. ვინაიდან მსგავს აპლიკაციებს ხშირად წვდომა აქვთ იმაზე მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ამის შესახებ თანხმობას აძლევს მომხმარებელი, აშშ-ში დაიწყო საუბარი იმაზეც, ხომ არ იყენებს აპლიკაციით შეგროვებულ ინფორმაციას ჩინეთი. მითუმეტეს, რომ TikTok-ის ამერიკაში მცხოვრებ პირთათვის განკუთვნილი უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, აპლიკაცია ავტომატურად აგროვებს სხვდასხვა ინფორმაციას - IP მისამართები, გეოლოკაცია, უნიკალური მადენტიფიცირებლები (unique device identifiers), ინტერნეტ ბრაუზერისა და ძებნის ისტორია (ასევე ის ინფორმაცია, რაც მომხმარებელმა ნახა პლატფორმის მეშვეობით) და Cookies ფაილები. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი ჩინეთის მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების სადაზვერვო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, აშშ-ში ოფიციალურ დონეზე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეებს მიეცეთ პირდაპირი მითითება, არ გამოიყენონ აპლიკაცია.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.