მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება. ეს ადგილებია:

 

საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს მოქალაქეებთან შეხების ალბათობა;

 

საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, შეკრებებისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

 

შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენებისას/პრეზენტაციის გაკეთებისას, თუ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;

 

საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში. ესაა მაღალი რისკის შემცველი სივრცეები;

 

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;

 

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსიში.

 

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები 12 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღეს მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.

 

ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან. მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.