თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია გეგმავს ახალი პროექტის განხორციელებას რომლის თანახმადაც ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ. დღეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია.

 

„ველოსიპედი ქალაქში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ მისი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატანა აკრძალულია. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ მსოფლიოს წარმატებული ქალაქების მაგალითები. მსოფლიოს ბევრ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს შესაბამისი სამაგრები. მოქალაქე დაამაგრებს ველოსიპედს და ავა ტრანსპორტში. მოიკვლიეთ ეს სამაგრები, ეტაპობრივად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დავამაგროთ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

 

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

„ ასევე დიდი ყურადღება ექცევათ ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი არის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა მოძრაობდეს ქალაქში შეზღუდვების გარეშე“, - აღნიშნა კალაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.