მუხლებზე დაჩოქილს ვერ მნახავს, ვერც კადიროვი და ვერც მისი პუტინი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს. გაბუნია რამზან კადიროვის მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აპირებს ბოდიშის მოხდას და ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ როგორ დაიცავს ის საკუთარ მოქალაქეს.

 

,,მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე და ამაზე ლაპარაკიც ხომ უკვე ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ, არანაირი ბოდიშის მოხდას. პოზიცია ზუსტად ისეთი მაქვს, კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, რაც ვთქვი პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შეიძლებლოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი, აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე," - ამბობს გიორგი გაბუნია.

 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული. მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამბობს, რომ ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

 

მანამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.