საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აფხაზეთის ომს გამარჯვებული არ ჰყავს და ეს ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც უმძიმესი ტრაგედიაა. ამ თემაზე კომენტარი მან გმირთა მემორიალთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

 

,,დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - თქვა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ აფხაზებთან ერთად ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, ევროპულ სახელმწიფოში იცხოვროს.

 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის წინ ამ დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო მას სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.