ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს.

 

იმანუელ კანტი

 

გურჯისტანი, გრუზია, იგივე ჯორჯია, რომელიც ხშირად ეშლებათ აშშ-ს შტატ ჯორჯიაში, რეალურად კავკასიაში მდებარე მცირე ზომის სახელმწიფო „ ჩვენი საქართველო“ გახლავთ.

 

ქვეყანა, რომლის ისტორია, ბრძოლით დაიწყო და დაიწერა, ყოველთვის დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. მათი რიცხვი დღესდღეობით კიდევ უფრო გაიზარდა. მრავალრიცხოვან პრობლემათაგან ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივიზმის ნაკლებობაა.

 

აქტივიზმი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების, კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. სამოქალაქო აქტივიზმი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელი მახასიათებელი, გულისხმობს აქტიურ მოქალაქეობას ანუ მოქალაქეთა ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ.

 

საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და ფაქტები ძირითდად მძიმე პერიოდში ვლინდება. აწმყოს ჩვეული ცხოვრების რიტმის დროს ხშირია ერის მოდუნების ფაქტები. აქტივზმი შესაძლებელია გამოიხატოს პროტესტის ფორმითაც. თავლსაჩინო მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომის სამოქალაქო აქტივიზმი, როდესაც ბრიუსელში ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებდნენ, ხალხი ქუჩებში და გზებზე გამოვიდა და ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა, რაც ერთიანობის, მშვიდობის, ბრძოლისა და თავისუფლების გზავნილი იყო. შეფასდა, როგორც გრანდიოზული აქტივიზმი, ყველაზე მძიმე, საქართველოსთვის გადამწყვტი ბრძოლის დროს.

 

 

სასურველი შედეგის მისაღებად აქტივიზმის სიძლიერეს აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ომის შემდეგ გასული დროის მიუხედავად, ცოცხალი ჯაჭვის აქცია ყოველი წლის აგვისტოს 8 რიცხვში სწორედ იმ ადგილზე იმართება, საიდანაც 400 მეტრში რუსი ოკუპანტების ბაზაა. ამ დღეს, მსოფლიო და განსაკუთერებით ოკუპანტი მეზობელი ხედავს ხელჩაჭიდულ ერს, ერთიანობის, შეუდრეკელობის, თავისუფლების დაუოკებელი წყურვილის სიმბოლოდ.

 

გასული წლის ნოემბერში, გავრილოვის რუსული დელეგაციის ვიზიტი ერთ-ერთი ხმაურიანი აქტივიზმის საფუძველი გახდა.

 

სტუმართმოყვარეობით ცნობილმა ქვეყანამ, დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტა. თავისუფლების მოედანზე მდგარმა ათასობით მოქალაქემ ისევ შეახსენა მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს აქვს ის, რაც შესაძლოა მასზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს არ გააჩნდეთ, თავისუფლების გამძაფრებული სურვილი.

 

 

საზოგადოებრივი ინტერესებით შემუშავებული და განხორციელებული საქმიანობის გარდა, არსებობს ინდივიდუალური აქტვიზმიც, რომელიც ამჟამად აქტივიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თანამედროვე ეპოქის უმნიშვნელოვანესი იარაღი არის სიტყვა.

 

სიტყვით გადმოცემული აქტივიზმის მაგალითია Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერის დემნა გვასალიას ინიციატივა. დიზაინერმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციია საქართველოს მიუძღვნა. აქცენტი აფხაზეთის ომზე გაკეთდა, რომელსაც 10 წლის ასაკში თვითონაც შეესწრო. მაისურებს ქართული წარწერები: "საქართველო", "სოხუმი“, "თავისუფალი ზონა", ჰქონდა.

 

 

ინდივიდუალური აქტივიზმი ხშირად ორგანიზაციულ და საზოგადოებრივი სექტორის აქტივიზმის საფუძველიც ხდება, ან ერთი მეორეს განაპირობებბს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკამოდ გრძელი სია მოგვეპოვება, თუმცა უახლოეს წარსულზე საუბისას უნდა აღინიშნოს 2019 წლის 9 ნოემბერს დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი. პაციენტის დასახმარებლად, სოფელ მონასტერში ჩასული ექიმი რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს. გაფრინდაშვილის სახელი ქვეყნის საზღვრებს მის მიერ გამოხატული სამოქალაქო აქტივიზმის გამო გაცდა. ექიმის ეს ნაბიჯი ჯერ მედ პერსონალის, შემდეგ სრულიად საქართველოს, ამ აქტივიზმში ჩართულობის მიზეზი გახდა.

 

ინდივიდუალური აქტივიზმის არაერთი მაგალითიდან ბევრია ისეთიც, რომელიც წლების შემდეგაც სამაგალითოდ რჩება.

 

 

13 ივნისის ტრაგედიამ სოლიდარობის მქონე, უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ახალი თაობა დაგვანახა. ტრაგედიის შემდეგ არაერთი მოხალისე გამოვიდა ქუჩების დასასუფთავებლად, დაზარლაებულთა დასახმარებლად. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საერთო სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის საშუალება არ ჰქონდათ და შესაძლებლობების გათვალისწინებით ინდივიდუალურად ცდილობდნენ დახმარებას. გიორგი ლომიძე იყო ტაქსის მძღოლი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური დახმარება ვერ შეძლო და მოხალისეების უფასოდ გადაყვანა უზრუნველყო.

 

 

დღეს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებს ერთი გასაჭირი აქვთ, პანდემია სახელწოდებით - COVID 19. საქართველოს ასეთ რთულ სიტუაციაშიც არ დავიწყებია კეთილი ადამიანების არსებობა და მათი ინიციატივები.

 

ოზურგეთში მცხოვრები გიორგი მეღუზლა პანდემიის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე 120 ოჯახს პური საჩუქრად დაურიგა. ცალკე უნდა აღინიშნოს პოლიციელი კახეთიდან, რომელიც ყოველდღიურად მარტოხელა ხანდაზმულებს პურს უსასყიდლოდ ურიგებდა.

 

 

ერთი ადამიანის აქტივიზმს, ხმის ამაღლებას ძირეული ცვლილებების განხორციელებაც შეუძლია.

 

სამოქალაქო აქტივიზმი მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან სხვა ცვლილებებისკენ არ არის მიმართული. მას პირდაპირი კავშირი აქვს ცნობიერების ამაღლებასთან. 2017 წლის 7 თებერვალს ფრესკოს თანამშრომლების სახელით გამოქვეყნდა ინფორმაცია, ამ სუპერმარკეტში შრომითი უფლებების დარღვევისა და არსებული სიტუაციის შესახებ. ინფორმაცია facebook გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ განთავსდა, რომლის ავტორს გიორგი ლაბაძეს სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო სასამართლოში უჩიოდა. ფრესკომ სასასამართლო დავა წააგო, სადაც შრომითი უფლებების დარღვევაზე ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ და სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ცნობირების ამაღლებისთვის. უმეტესობამ კიდევ ერთხელ და დასაბუთებულად გაანალიზა, რომ დასაქმებული პირი პირველ რიგში არის ადამიანი და დამსაქმებელს, ისევე როგორც დასაქმებულს აქვს პასუხისმგებლობები და მოვალეობები მათ წინაშე.

 

ამაღელბული ცნობიერების კიდევ ერთი და ემოციური მაგალითია რამდენიმე დღის წინ, ქართველი ბაიკერის მიერ საცობში სასწარაფო დახმარების ბრიგადისთვის გზის განთავისუფლება. ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გზა სასწრაფოსია.

 

სამოქალაქო აქტივიზმი არის მნიშვნელოვანი ძალა უკეთესი მომავლისთვის. ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით არ სრულდება, მცდელობა ვერ უზრუნველყოფს მუდმივ გამარჯვებას. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ბრძოლის ხარისხი. თუ როგორ იბრძოლებ. ასეთ შემთხვევაში მარცხიც შესაძლოა გამარჯვება იყოს.

 

დღეს, საფუძვლიანად თუ გავიაზრებთ კანტის სიტყვებს - „მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება“. ხვალ აუცილებლად უკეთეს ქვეყანაში გავიღვიძებთ.

Salome Baghaturia
ავტორი:Salome Baghaturia
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.