აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ბალკანეთის ქვეყნების შესაძლებლობებს რეგიონში რუსეთს გაუწიონ წინააღმდეგობა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან იორგოს კატრუნგალოსთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„ივნისში საბერძნეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს და საბერძნეთს დაეხმარება გახდეს „ბალკანეთის კარიბჭე“. ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს თქვენს მეზობელს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანდეს, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ასევე გააძლიერებს ბალკანეთს რუსეთის მავნებელ გავლენასთან დაპირისპირებაში“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის კასპიის რეგიონიდან გაზის მიწოდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით დაეხმარება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მაკედონიის სახელი შეიცვლება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“. აღნიშნული მაკედონიას საშუალებას მისცემს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანდეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.