ევროკავშირის თავდაცვითი ინიციატივები ნატო-ს ვერ ჩაანაცვლებენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ევროკავშირი ვერ შეძლებს ნატო-ს ჩანაცვლებას. ევროპული ერთიანობით ტრანსატლტანიკური ერთიანობა ვერ ჩანაცვლდება. განსაკუთრებით Brexit-ის შემდეგ, როდესაც ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების 80% ევროკავშირის გარეთ მყოფ მოკავშირეებზე მოდის“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებული ნატო-ს ოთხი ბატალიონიდან სამ ბატალიონს სათავეში უდგანან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა იმ ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებენ.

 

„მე მხოლოდ შემიძლია მივესალმო თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ინიციატივებს. თავდაცვითი ფონდი, სტრუქტურირებული თავდაცვითი თანამშრომლობა და ევროკავშირის მუშაობა სამხედრო მობილურობის ჭრილში - ყველაფერი ეს აძლიერებს ნატო-ს“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.