ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა. მისი განცხადებით, მომდევნო წელი ნატოსთვის საფრთხეების ინტენსივობასა და რაოდენობაზე ერთდროული რეაგირების ფონზე ჩაივლის, ამიტომ მომავალი წლის ძირითადი პრიორიტეტებია ომი უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა, ტერორიზმი და კიბერთავდასხმების შეჩერება.

 

ბელგიურ ტელე-რადიომაუწყებელთან, „RTBF“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი მიზანია ერთდროული მომზადება მთელი რიგი საფრთხეებისა და გამოწვევებისადმი.

 

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, არჩევანი გავაკეთოთ ტერორიზმსა და სულ უფრო მეტად აგრესიული რუსეთის კიბერთავდასხმებს შორის. ნატომ რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ყველა გამოწვევაზე ერთდროულად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატოს წევრი ქვეყნებისადმი შეერთებული შტატების მოთხოვნაზე, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე გაზრდას ითვალისწინებს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ალიანსის წევრი თითოეული 29 ქვეყნისგან ამ ვალდებულების შესრულებას ელოდება.

 

„ნატოს ძირითადი ძალა მდგომარეობს ცვალებადი სამყაროსადმი ადაპტაციის შესაძლებლობაში. ძველ რომში ამბობდნენ, რომ მშვიდობა რომ გქონდეს, ომისთვის უნდა იყო მზად. სწორედ ამას აკეთებს ნატო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.