საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

 

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.