ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ბევრი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, ნატო ხაზს უსვამს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმიც.

 

„ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 

როგორც ბახტაძემ განმარტა, ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე.

 

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის.

 

ჩვენ ასევე განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს დავსახეთ თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. ბატონი სტოლტენგერგი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მსურს მას მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრობისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.