საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა ფაქტორი აქვს რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

 

„ნატოსთვის პრინციპულია, რომ ყველა ერს გააჩნია გადაწყვეტილების თავისუფლება. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას. ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. როცა ჩვენ მზად ვიქნებით საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადასაწყვეტია ნატოსი და საქართველოსი და არც ერთი სხვა სახელმწიფოსი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.