ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თავად ნახა თუ რა დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ, ამ ცენტრმა და თითოეულმა ჯარისკაცმა იმ ამოცანების განხორციელებაში რა ამოცანებისთვისაც ეს ინიციატივები შეიქმნა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომზადებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კრწანისის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მასპინძლობის შემდეგ ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. საქართველო მეორედ მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას. ამ სწავლების ფარგლებში გვყავს ძალიან მაღალი დონის სტუმარი, კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად.

 

ეს კვირა იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ვუმასპინძლებთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. მათაც ექნებათ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორი წარმატებით ხორციელდება ნატო-საქართველოს სწავლება.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ქართველების ორგანიზებით ხდება მისი ჩატარება როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ფაზის განხორციელება.

 

მათ იხილეს თუ რა წარმატებით ახორციელებენ ქართველი ოფიცრები და სერჟანტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს“, - განაცხადა იზორიამ.

 

მან ასევე გაიხსენა, რომ 4 წლის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა ცენტრი, რომელიც არის ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა.

 

„მან თავად ნახა თუ რა დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ, ამ ცენტრმა და თითოეულმა ჯარისკაცმა იმ ამოცანების განხორციელებაში რა ამოცანებისთვისაც ეს ინიციატივები შეიქმნა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომზადებისთვის.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თვითონ აღიარა, რომ შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ შევძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტიდან 20 პროცენტი მიგვემართა ძირითადი შეიარაღების შესყიდვებისთვის და აღნიშნა ინტენსივობა, მაღალი დინამიკა და მასშტაბურობა ერთობლივი სწავლებების, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად ჩავატარეთ და რომელსაც ექნება მომავალშიც მყარი საფუძველი კიდევ უფრო დაახლოების ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის.

 

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გვქონდა საშუალება ასევე მომავალ პერსპექტივებზეც გვესაუბრა, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით და მომავალ სწავლების პერსპექტივაზე", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.