საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

 

ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ეწვია.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილე, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობით ბრიფინგი მოისმინა.

 

ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით “წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) იმართება და მასში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას.

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

 

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) - რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

 

პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.