ნატო მოუწოდებს რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

 

სერ სტიუარტ პიჩმა საქართველოს მიერ გაწეულ წვლილზე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან მიმართებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ალიანსის სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 

"ეს უკვე მესამე მუდმივი სესიაა, რომელიც ტარდება საქართველოში. წინა შეხვედრები 2016 და 2017 წლებში ჩატარდა. საქართველო ნატო-ს წვრთნები ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითია. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რა მნიშვნელობასაც ანიჭებს ალიანსი საქართველოსთან თანამშრომლობას.

 

სამხედრო კომიტეტის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. თქვენ ხართ ღირებული პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი მისიებში მონაწილეობით. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მისიებში.

 

სამხედრო პირებმა ავღანეთში იციან, თუ რამდენად პატივს ვცემთ მათ თავდადებას ამ ძალისხმევაში. ამ თანამშრომლობით ჩვენ გავხდით უფრო მეტად გაძლიერებული, ვიდრე აქამდე ვიყავით. ეს წვლილი ძვირად დაუჯდა ბევრ ქართულ ოჯახს, რომელთა დანაკარგსაც მათთან ერთად ვიზიარებ.

 

სამხედრო კომიტეტი მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე სამხედრო რეფორმებზე. ასევე მოგვეწოდება ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობაზე, როგორც აქ, ასევე რეგიონში.

 

ალიანსი დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს საერთაშორისო საზღვარს, რომელშიც შედის როგორც აფხაზეთი, ასევე „სამხრეთ ოსეთი“.

 

ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ნატო ასევე მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს ორივე რეგიონში. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით", - განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.