ერაყში სამხედრო სწავლების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც მიიღო. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერმა დილან ვაიტმა განაცხადა.

 

„ერაყში ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. ჩვენ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომის მიღებას განვაგრძობთ“, - განაცხადა ვაიტმა.

 

მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ს თავდაცვის მდივანს, მარკ ესპერს ტელეფონით ესაუბრა.

 

ერაყელი ჯარისკაცებისთვის წვრთნებს აშშ და მისი მოკავშირეები დროებით აჩერებენ. მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მოკვლის შემდეგ გაზრდილი დაძაბულობაა.

 

ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის.

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს. მანამდე ირანი შურისძიებით დაიმუქრა.

 

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. ამას წინ უძღონდა ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

 

აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.