ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს. სწავლებაში 29 საზღვაო ხომალდი და 29 თვითმფრინავი მონაწილეობს.

 

NATO BALTOPS 2020, აშშ-ის ევროპული სარდლობის ეგიდით, გერმანიისა და დანიის სანაპიროებთან ახლოს ტარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი 17 ქვეყნის 3000 სამხედრო და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების - შევედეთისა და ფინეთის სამხედროები მონაწილეობენ. სწავლება 16 ივნისს დასრულდება.

 

პანდემიის გამო სწავლება მხოლოდ ზღვაზე ჩატარდება და არ მოიცავს სახმელეთო ოპერაციებს.

 

„უსაფრთხოებას ბალტიის ზღვაში დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული სტაბილურობისთვის. მიმდინარე სწავლების განმავლობაში მოხდება ჩვენი ერთობის დემონსტრირება საერთო ღირებულებების, მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის საქმეში“, - განაცხადა სწავლებაში მონაწილე ერთ-ერთი საზღვაო შენაერთის მეთაურმა ინგვე სკოგლუნდმა.

 

NATO-ს საზღვაო-სამხედრო სწავლება BALTOPS ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა და 1971 წლის შემდეგ რეგულარულად ტარდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.