უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში.

 

„საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

 

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს ალიანსის წევრებისთვისაც.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.