პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას და არ ესწრება სხდომებს. ამასთან, მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრის გადადება შედეგის თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.

 

„დღეს განვიხილეთ ბიუჯეტი და დღესვე იყო შესაძლებელი, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ბიუჯეტის პროექტზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო კვორუმი, მოგვიწევს ხვალ კენჭისყრის ჩატარება. შედეგის თვალსაზრიდით ეს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა ამ ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში მაშინ, როდესაც არის საჭირო და მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში“, - განაცხადა კახიანმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელიც ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან და ეს რეგლამენტის კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს შემთხვევებზე, როდესაც არასაპატიო მიზეზით ხდება სხდომებზე არ დასწრება.

 

შეგახსენებთ, პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.