თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

 

სესიაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გაწვევის სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს. დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი გრძელდება და ამ სისტემაზე სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას.

 

„ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაირონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან. რაც შეეხება მღვდელთმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექმება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სწავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს.

 

„ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს “, - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამასთან, როგორც სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.