რატომ დებთ კანონპროექტში წინაპირობად ისეთ ჩანაწერს, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს უქმნის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას,-ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის 6 წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

 

ბესელიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის გათვალისწინებული ის შენიშვნები, რომელიც საკომიტეტო განხილვისას მასში შევიდა.

 

„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობად ისეთ ჩანაწერს, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს უქმნის შესაძლებლობას, რომ კონკურსში შემოვიდნენ. რატომ აკეთებთ ისეთ მოდელს, რომლითაც აკნინებთ პარლამენტს, ართმევთ მას არჩევანის შესაძლებლობას ფართო სიის შემთხვევაში და რატომ აძლევთ იუსტიციის საბჭოს ესოდენ განუსაზღვრელ ძალუფლებას, რატომ შემოგაქვთ ისეთი მოდელი კენჭისყრების, რომლის მსგავსი არ არსებობს არც ერთ დემოკრატიული ქვეყნის მოდელში, არცერთი წარმატებული ქვეყნის მაგალითი რატომ არ არის გამოყენებული, რატომ არ არის არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია მხედველობაში მიღებული, რატომ არის შემოღებული ამდენი ეტაპი იუსტიციის საბჭოს მიერ სიის გაცხრილვის მიზნით და რატომ არის ფარდობითი კენჭისყრა, რომელიც რეალურად პარლამენტს არ აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გრძელი სია. რატომ არის გამოცდა წინაპირობად ჩადებული მაშინ, როდესაც თქვენც მიეცით ხმა იმ ცვლილებას, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თუ ჰქონდა მას საკმარისი, მინიმალური გამოცდილება მაინც და მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, გამოცდისაგან ათავისუფლებს კანონი, როდესაც უვადო განწესება ხდება იუსტიციის საბჭოს მიერ. რატომ ჩაიკეტა ეს წრე და რატომ არის ასეთი ყველაზე სახიფათო მოდელი არჩეული, რომელიც არ ეყრდნობა არც ერთ საერთაშორისო პრაქტიკას და კარგ გამოცდილებას და ბოლოს, რატომ არის რეგლამენტის მუხლი დარღვეული, 107-ე მუხლით, სად გააქრეთ ჩვენი შენიშვნები, რომელიც კომიტეტზე გამოითქვა და რომელთაგანაც არც ერთი არ არის ასახული შენიშვნების ფურცელში. რატომ არის დარღვეული ყველა ის პრინციპი, რომელიც უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა მიიღოს ეს გრძელი სია და ბოლო კითხვა, კიდევ ერთხელ გეკითხებით საჯაროდ, მიგაჩნიათ თუ არა რომ კონსტიტუციის დაცვით მოხდა დეკემბრის ბოლოს, გასულ წელს, 10-კაციანი სიის გამოგზავნა პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ბესელიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.