უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკითხის განხილვას პარლამენტი ორ კვირაში დაუბრუნდება.

 

„ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დავუბრუნდებით. რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათთან დაგვჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

 

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.