გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის, სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.

 

„დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადებისადმი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, ყოველთვის წარვდგეთ სქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. პარლამეტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და იქვე დასძინა, რომ მთავრობის მთელი გუნდი მზად არის დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

 

მამუკა ბახტაძის თქმით, ის ოპოზიციის ყველა კითხვას უპასუხებს თუ კითხვები პოლიტიკური ინტერესებიდან არ იქნება გამომდინარე.

 

„პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ ან დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესებიც. თქვენი კითხვის ფორმულირებაში იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. მე კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ვაფასებ და ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობით და ობიექტური კრიტერიუმებით“, - დასძინა პრემიერმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.