არასდროს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანის უფლებების ხარჯზე, ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, რომლის განცხადებითაც ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, ხოლო დამნაშავეთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გოცირიძის აღნიშნული განცხადება იაფფასიანი ტყუილია. მამუკა ბახტაძემ გოცირიძეს ყოფილი ხელისუფლების მიდგომები შეახსენა, რომელიც პრემიერის შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

 

„ჩვენთვის ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით - გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია და მე ეს ავხსენი. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი, თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ სჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი - ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

 

ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი.

 

ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ.

 

კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი და აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.