ჩემი საქმიანობით, რაც ჩემს უკან 11 წლის განმავლობაში დგას, ნამდვილად ვიქნები იმის გარანტი, რომ მე არასოდეს ვიხელმძღვანელებ არანაირი ქვენაგრძნობით, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე კანდიდატებს უსმენენ.

 

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, სადაც საჭირო იქნება და სადაც შესაბამისი მტკიცებულებები შეიქმნება, ის უკან არ დაიხევს და რომელიმე სახელმწიფო მოხელეს ხელს არ დააფარებს.

 

„რაც შეეხება კონკრეტულად შსს-ს და კონკრეტულად მინისტრის სახელმა და გვარმაც გაიჟღერა რამდენჯერმე. ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა საქმე კარგად აკეთოს, მე არ ვთვლი, რომ ეს არის დაპირისპირება რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან. ეს არის უწყებების გაჯანსაღების პროცესი, ეს არის ბუნებრივი პროცესი და ვფიქრობ ჩემი საქმიანობით, ნამდვილად ვიქნები იმის გარანტი, იმ საქმიანობით რაც დგას ჩემს უკან 11 წლის განმავლობაში, რომ მე არასოდეს არ ვიხელმძღვანელებ არანაირი ქვენაგრძნობით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ჩამოყალიბება, მას წარმოუდგენლად მიაჩნია საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის გამოცდილების არ მქონე პირის მხრიდან.

 

„ვფიქრობ ის ცოდნა, რომელიც მე სამართალდამცავ ორგანოებში დავაგროვე, მხოლოდ წაადგება ამ სამსახურს და არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს. ორივე სტრუქტურაში, იქნებოდა ეს პროკურატურა, თუ შსს, ჩემი საქმიანობის უდიდესი ნაწილი დაკავშირებული იყო სწორედ გამომძიებელთა და პროკურორთა საქმიანობის მონიტორინგთან. მაშინ, როცა მე არ მქონია არანაირი უხერხულობა ამ ადამიანების მონიტორინგის სისტემის შიგნით, მით უმეტეს არ მექნება ამ საქმიანობის განხორციელების პრობლემა სისტემის გარედან, რომელიც გახლავთ ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.