იპოთეკური სესხებით თუ ყიდულობდა ბინას 80%, ახლა არავის გასჩენია შემოსავალი, რომ სესხის გარეშე იყიდოს ბინა. რადგანაც ბინების გასხვისების ტრანზაქციები არ მცირდება, ე.ი. ამან სადღაც გადაინაცვლა. გაგვიმეორდება „ცენტრ პოინტი“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინეს.

 

როგორც დეპუტატმა განაცხადა, რეალურად, ადამიანები ბინებს ბანკის იპოთეკური სესხით ვერ ყიდულობენ, თუმცა გარკვეულმა სამშენებლო კომპანიებმა შიდა განვადების მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მომხმარებელს დამატებით რისკებს უჩენს.

 

აღნიშნულზე პასუხისმგებლობა დავით ჭიჭინაძემ ეროვნულ ბანკს დააკისრა და აღნიშნა, რომ რეგულაციებით ე.წ. ხვრელები გაჩნდა.

 

„ჩვენ, პრინციპში, რეგულაციებით ავკრძალეთ სესხების გაცემა ბანკების მხრიდან, რადგან ვებრძოდით იმას, რომ არ ყოფილიყო სესხები გაცემული. ბევრი ტრანზაქცია არ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, თქვენ ამას როგორ აკონტროლებთ? არის ძალიან ბევრი თანხა, რომელიც შედის და რეგისტრირდება უკვე საჯარო რეესტრში, თქვენ მოცულობას ვერ ხედავთ სესხებისას. იპოთეკური სესხებით თუ ყიდულობდა ბინას 80%, დამერწმუნეთ არავის გასჩენია შემოსავალი, რომ იპოთეკური სესხის გარეშე ეყიდოს ბინა. რადგანაც ბინების გასხვისების ტრანზაქციები არ მცირდება, ე.ი. ამან სადღაც გადაინაცვალა. როგორ იცავთ იმ მომხმარებელს, რომელიც არ ჩანს?“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

დეპუტატის თქმით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილება უნდა შევიდეს, ან სამშენებლო კომპანიებს შიდა განვადების ვადები უნდა შეუმცირდეთ.

 

,,ვფიქრობ, ან დავაბრუნოთ გამარტივებული პირობებით იპოთეკური სესხების გაცემა, მივცეთ ბანკებს უფლება გასცენ იპოთეკური სესხები, ან ავუკრძალოთ დეველოპერებსაც შიდა განვადების სესხის გაცემა, შევუზღუდოთ ვადა თუნდაც. არ შეიძლება 10-წლიანი განვადებები არსებობდეს, ეს აღარ არის განვადება. არ შეიძლება ვიღაცის გადახდილი ფული რისკის ქვეშ დავაყენოთ. გაგვიმეორდება „ცენტრ პოინტი“. ამიტომ, თუ გაართულეთ სესხი, კეთილი ინებეთ და ესეც ჩაკეტეთ. რას ვერჩოდით მაშინ იმ ადამიანებს, ვინც ბანკში მიდიოდა? ვისაც ოდნავ პატიოსნება ადარდებს და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ის ყოველთვის წაგებული რჩება. ხვრელებს ვაჩენთ ყველაფერთან მიმართებაში. ეკონომიკა ასე არ კეთდება“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.