თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს ყვებით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება მას ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სესიაზე საარჩევნო დღის შეფასებისას განაცხადა.

 

დეპუტატმა საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შესაძლო ჩარევაზე ისაუბრა და მმართველი გუნდი მათთან ალიანსში დაადანაშაულა.

 

„არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ ტრადიციული პაკეტი ივანიშვილის გუნდის - დაჭერილი ადამიანების ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ლობებში, „იმედით“ დაწყებული სოცქსელებით გაგრძელებული და ა.შ. მინდა ყურადღება გავამახვილო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებაზე. როცა ჩვენ ეს ბრალდება დავაფიქსირეთ და ფაქტები წარმოვადგინეთ, მთელი პაკეტი მივიღეთ თქვენგან. რა თქმა უნდა, ადამიანებს, ვინც ნასამართლევია, უფლება აქვთ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ოღონდ თუ ირკვევა, რომ ადამიანი ჯერ ნასამართლევი იყო მკვლელობაში თანამონაწილეობაში, მერე მცდელობაში, შემდეგ ბრალი ჰქონდა წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის თქვენი მთავრობის დროს და ყველა ჯერზე „გამოძვრა“ იმიტომ, რომ ვთქვათ, კალაძის და დემეტრაძის მეგობარია, ყველა არჩევნებზე გვერდით გიდგათ, უბანში ყველას აშინებს - ხვდებით ახლა რა ალიანსს ვგულისხმობ? თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე, მითხრა, რომ ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. მე გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს ყვებით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება მას ეს ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ. თქვენ აქ ხშირად საუბრობთ ხოლმე წარსულზე. რეჟიმზე. მინდა გკითხოთ, კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი ფაშისტურის გარდა რომელი იყო? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც ბოლოსაც კი, 9 აპრილს მოქალაქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკას ინსტრუქტორი, გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის მერე, გყავთ გუგული მაღრაძე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს?“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

გიგა ბოკერიას აღნიშნულ განცხადებაზე მცირე რეპლიკა გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მასზე პასუხის გაცემა არ ღირს.

 

„მემგონი საუკეთესო კომენტარი იქნება ამ გამოსვლის უკომენტაროდ დატოვება“-, აღნიშნა კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.