წესიერებისკენ შენ მე ნუ მომიწოდებ ბიჭო,- ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა.

 

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა. დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ, რომ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" დროით ესარგებლათ, რადგან, მათი თქმით, ისინი ამაზე შეთანხმდნენ. ოხანაშვილმა კი მათ ამის უფლება არ მისცა. ამის შემდეგ ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ 14:00 საათზე მას შეხვედრა აქვს, რომლის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დრო შესაძლოა, უკვე დასრულებული იყოს. დარბაზიდან გასვლისას ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს კიდევ ერთხელ ჰკითხა დროსთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა მას ასე მიმართ: "ბექა, წადი, წადი, შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს". აღნიშნულმა რეპლიკამ დამოუკიდებელი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ოხანაშვილსა და მას შორის კამათი მოჰყვა.

 

"წესიერებისკენ შენ ნუ მომიწოდებ, ბიჭო! ნუ აძლევ თავს ზედმეტის უფლებას,"- მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მას თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ პარლამენტის წევრია.

 

"ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა…", - განაცხადა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილის მისამართით, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.