საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი პარლამენტარები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ალან პარცელს შეხვდნენ.

 

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ.

 

დღესვე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდნენ და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.

 

„საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ვითარდება საქართველოში. ჩვენ მივაწოდეთ ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს ამ პროცესებთან დაკავშირებით. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსიები და ვფიქრობ, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო მათ დაეფიქსირებინათ განსაკუთრებული პოზიციები“.

 

„მნიშვნელოვანი იყო მათ დაეფიქსირებინათ განსაკუთრებული პოზიციები, მაგალითად ის, რომ აუცილებელია შენარჩუნებული იქნას პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები, რომ მიეცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მუშაობის და ფუნქციონირების საშუალება. რა თქმა უნდა, გამოთქვამენ იმედს, რომ იქნება მიღწეული შედეგები და შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კუჭავამ.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.