,,თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ."  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

 

„საკონსტიტუციო რეფორმისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს მე- 9 მოწვევის პარლამენტი დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს. საქართველომ არსებითად პროპოციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. 2020 წლის არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მან ასევე, განაცხადა, რომ დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია.

 

„გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა, შეთანხმების შესაძლებლობა უნდა მოვძებნოთ, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ორ მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადინისტრაციის ათასობით მოხელის და ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერითაა დადასტურებული. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ. ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წარმართოთ მოქალაქებისადმი დიდი პასუხისმგებლობით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია", - განაცხადა თალაკვაძემ

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.