იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა.

 

„კანონპროექტში უკვე შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული ახალი ნაწილები, ახალი ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები და მათთან დაკავშირებით არჩეულია პოზიცია, რომლითაც მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ მოხდება ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში ორი ფორმაა გამოყენებული, ეს გახლავთ: განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება და ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც მიღებული იქნა კანონპროექტი პირველი მოსმენის დროს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მომხსენებელმა ისაუბრა კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთა საბოლოო ვერსიები პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.

 

„პირველი ვერსიისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ მუხლებს შეეხება ეს პროექტი და თუ პირველ ვერსიაში იყო მხოლოდ გათავისუფლება ან განახევრება, ახლა უკვე გარკვეული ვადით შემცირებაზეც არის საუბარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაბალანსებულ მოდელს მივიღებთ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხნაშვილმა.

 

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.