Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა.

 

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. "გლობალპრესის" ინფორმაციით, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგნება.

 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

 

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

 

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ასე ეხმიანება ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, „მატროსოვის“ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

 

გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ასეთი განცხადებები "ქართული ოცნების" ორმაგი თამაშის შედეგია.

 

"ეს არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით - ხან "ნაციონალებს" ეთამაშა, ხან "ევროპულ საქართველოს", ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა... აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებს, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ასეთი შანსები შესაძლოა, მას ჰქონდეს.

 

"ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. ასე უპასუხა გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საგანგებო ვითარების გამოცხადება როგორ აისახება მედიის მუშაობაზე.

 

„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება", - აღნიშნა გახარიამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნინო ქადაგიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

სააკაშვილი ყველას მოუწოდებს შერიგებისკენ.

 

„მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, - წერს სააკაშვილი.

 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

 

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები განმარტა.

 

კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა:

 

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანში, ასტანის სამეულის სამიტზე დაპატიჟა, რომელიც ირანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზების შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალამიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ კოსაჩევთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ირანის ელჩის ინფორმაციით, სამიტის ირანში გამართვასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორისაც.

 

"რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, რუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა რუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ ასტანას ფორმატის ფარგლებში შემდეგი სამიტი უახლოეს მომავალში ირანში გაიმართოს",- განაცხადა ირანის ელჩმა.

 

ირანელმა დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია.

 

„არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია“, - აღნიშნა ჯალალიმ.

 

სამიტის განხილვის მთავარი საკითხია, სირიაში არსებული მდგომარეობა. სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც ირანის, თურქეთის და სირიის წარმომადგენლები მონაწილეობენ 2017 წლიდან იმართება. კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება. რუსეთი ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს, მეამბოხეებს კი თურქეთი.

 

აღსანიშნავია, რომ ირანში კორონავირუსი მძვინვარებს, აქედან გამომდინარე უცნობია ვლადიმერ პუტინი ჩავა თუ არა ირანში, სამიტზე დასასწრებად.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის პარლამენტის 23 დეპუტატია ინფიცირებული.

მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან და მე ყველა მათგანს შევხვდები,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და დასკვნებს გააკეთებს, კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

„მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა.

 

ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, როდესაც დასკვნას გავაკეთებ, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა ამოეწურა.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

 

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად”, - განაცხადა გახარია.

 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომაროების გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა „შემაშფოთებელ ეტაპზეა“. ამის შესახებ კინზინგერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველო რჩება ამერიკის მტკიცე პარტნიორად, თუმცა, ის აგრძელებს მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ, შემდეგ კი, ოქტომბერში ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ.

 

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს“, - აცხადებს კინზინგერი.

 

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს დემოკრატია არის თუ არა საფრთხეში, კინზინგერი აცხადებს: „ამ ეტაპზე საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ“.

 

„ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებები დასრულდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრული პროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი, მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ. მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის“, - ამბობს ადამ კინზინგერი.

 

ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, თუ ვერ იხილავს პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, ის, რასაც გააკეთებს ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.

 

„ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“,- განაცხადა კინზინგერმა.

 

ამასთან, კინზინგერი ინტერვიუში ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან შეშფოთდა, როცა მასთან მივიდა ხმები, რომ ეს მოხდებოდა.

 

„ჩემი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა. ქართველ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი და ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის“, - განაცხადა კინზინგერმა.

გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.

 

„ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?