Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

მთავრობა პრორუსულ მედიასაშუალებებს ათასობით ლარს უხდის. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მხოლოდ ერთ ონლაინ გამოცემა „მარშალპრესს“, ბოლო ოთხ წელში, ახალი ამბების განთავსებისთვის, 43 ათას ლარზე მეტი ჩაურიცხეს.

 

გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მთავრობა ანტისახელმწიფოებრივ მედიასაშუალებებს არ უნდა აფინანსებდეს.

 

„მარშალპრესში“ ამტკიცებენ, რომ არც სახელისუფლებო და არც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკა არ აქვთ. რაც შეეხება ბოლო წლებში გადახდილ თანხას, ამბობენ, რომ მათთან ახალი ამბების განთავსება იაფია და თვითმმართველობებისთვის მიმზიდველი ამიტომაც არის.

 

მედიაექსპერტების თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში კრიტიკულ მედიასაშუალებებს ხელისუფლება ინკასოს ადებს, „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილ გამოცემებს ახალი ამბების გაშუქებაში ხალხის ფულს არ უნდა უხდიდნენ.

 

მედიის განვითარების ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, სხვადასხვა მედიაორგანიზაცია ათასობით ლარს იღებს. მათ შორის არიან "საქართველოს რესპუბლიკა", სააგენტო „ნიუსპრესი“, ჰოლდინგი “ალია”, გაზეთი "ალია", „კვირის ქრონიკა“ და „თბილისი 24“.

 

„ნიუსპრესის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაფინანსებას იღებს ყველასგან, მათ შორის, სახელმწიფოსგან და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თვითმმართველობებიც არ უარყოფენ, რომ პრორუსულ მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.

 

ევროსაბჭოს რეკომენდაციებით, მედია, რომელიც სიძულვილს აღვივებს, არ უნდა იღებდეს სახელმწიფო დაფინანსებას. სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ მსგავსი ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან არ უნდა წახალისდეს.

 

მედიამკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე კიდევ უფრო რთულადაა და რეალურად, ხელისუფლება უფრო მეტ დაფინანსებას გასცემს, ვიდრე შესწავლილია. ამ დროისთვის, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროსახელისუფლებო და პრორუსულ საინფორმაციო გამოცემებთან ხელშეკრულებები ყოველწლიურად მატულობს.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზები ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველდღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ მოძარობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა. „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს

 

„პოლარიზაციის მიღმა“, „...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის,“ - ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ.

 

სამოქლაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ გუნდის წევრები არიან: ლელა გულედანი, თამარ ჯაფარიძე, ნიკოლოზ გვაზავა, ნინო წულაძე, ხატია მირცხულავა, ლაშა ანაკიძე, მარიამ რუხაძე, ქეთევან მუსერიძე, ნიკო ქვაცაბაია და მაკა ტოხიშვილი.

 

სამართლის დოქტორი (JSD) Cornell University; ანა დოლიძე იყო საიას თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა, გადადგა თამამი და რთული ნაბიჯი მის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეპოლარიზაციისკენ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, დემოკრატიისა მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

 

მისი შეფასებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა უფრო დემოკრატიულ არჩევნებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გადადგა თამამი და რთული ნაბიჯი მის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეპოლარიზაციისკენ და გზა გაუხსნა უფრო დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს“ , - წერს კრამონი.

ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა.

 

კარლ ჰარცელმა ასევე განმარტა, რომ გააძლიერეს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა მოხდეს.

 

„მინდა ვისაუბრო თუ რა გავაკეთეთ ბოლო კვირებისა და ბოლო ორი თვის მანძილზე. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გაჟღერდა. გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა.

 

ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ამასთან, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა. თუ შევაფასებთ და ვისაუბრებთ უხეში ციფრებით, ევროკავშირი დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს გამოყოფს საქართველოსთვის. მე არ მსურს შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მოველი შეთანხმების შესრულებას, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

 

გამოცემის ინფორმაციით, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების საპატიმროდან გათავისუფლებას მიესალმება.

 

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ - აცხადებენ კონგრესმენ კინზინგერის ოფისში „ამერიკის ხმის“ შეკითხვის საპასუხოდ.

 

ამასთან, გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გასულ კვირას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.

 

„მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. ეს გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა", - განაცხადეს მათ.

 

ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ.

 

„ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

„მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში. პრეზიდნტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის ორი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შეიწყალა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

 

რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

 

ცვლილების თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ ისეთ ღონისძიებებს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

 

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

 

საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2020 წლის 23 მაისიდან შევა.

ევროპარლამენტის 1200 თანამშრომლის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

 

მისი ცნობით, ინფორმაცია შეიცავს ევროპარლამენტის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ანგარიშებს და კოდირებულ პაროლებს. ღია წვდომაში ასევე აღმოჩნდა ევროკავშირის საკითხების 15 ათასი სპეციალისტის პირადი მონაცემები.

 

კიბერშეტევა შეეხო ევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებსაც. პარტიის წარმომადგენლის, პედრო ლოპეს დე პაბლოს განცხადებით, მონაცემთა ბაზა ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და პაროლებს შეიცავდა, თუმცა ის 2018 წლით თარიღდება. მისივე თქმით, მონაცემებზე ღია წვდომა უკვე შეიზღუდა.

 

მანამდე, 15 მაისს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელი რუსი ჰაკერის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.

საპარლამენტო ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურა.

 

„მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას. ეს არის დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და ველი მომავალ მსჯელობებს, როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება“, - წერს Twitter-ზე ესტონელი ევროპარლამენტარი.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტმა საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით კანონპროექტი პირველი მოსმენით ( 77 მომხრე) დაამტკიცა.

 

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნება, ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება. ამასთან, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.

 

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის 1-ლი მარტიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

 

კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შედეგად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირების შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.

 

წერილის ავტორები არიან სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი.

 

,,ძვირფასო მდივნებო, პომპეო და მნუჩინ

 

გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის მოშლასა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან, რაც ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

გასული წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 50%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესებისთვის გაიზარდა.

 

ამან ამერიკულ კომპანიებს ოპერირება გაურთულა და ხელი შეუშალა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას. Frontera Resources ტეხასური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონზე მეტი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოსაჩენად. ცოტა ხნის წინ კი Frontera რეგულაციებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა, მას საქართველოს მთავრობა პოტენციურად ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება.

 

2019 წელს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, Conti Group ამავე პრობლემას წააწყდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია. ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.

 

Frontera-ს საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გამხდარიყო, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.

 

მოკლედ რომ გითხრათ, კანონიერ ბიზნესს გაძევებისკენ უბიძგეს, მისი ადგილი კი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა.

 

ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში.

 

ჩვენ ვაცხადებთ, რომ:

 

• საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით გარეულია ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;

 

• მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს რუსეთის მთავრობასთან;

 

• პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების გაძევება მიზნად ისახავს, რომ არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე;

 

• არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, პორტების კონტექსტში.

 

საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კავკასიაში და ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე. სამხედრო კუთხით, ქართველები გვეხმარებიან ავღანეთის მისიაში. გეოგრაფიულად ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილზეა განლაგებული კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ ვაჭრობის კუთხით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ამერიკისათვის, რაც საპასუხოდ საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს.

 

მსგავსი გადახლართული სტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობისაგან პასუხს საჭიროებს და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები, რათა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

წერილს ხელს აწერენ სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯოდი სი არინგტონი და მარკვეინ მალინი.

 

 

მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ.

 

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“ , - წერს ანა ფოტიგა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?