Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

ტრანსანატოლიური მილსადენი არის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის მაგალითი, - ასე აფასებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო პროექტს.

 

გამოცემა „დიპლომატში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით - „ტრანსანატოლიური მილსადენი: რეგიონული განვითარება და სამშვიდობო პროექტი“, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობით გამოქვეყნდა, თურქეთის პრეზიდენტი ამ მილსადენს რეგიონულ სამშვიდობო პროექტად ახასიათებს.

 

„ტრანსანატოლიური მილსადენი არის კონკრეტული მაგალითი ხანგრძლივი ნდობისა და მეგობრობის თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ის მოიცავს სამხრეთის გაზის დერეფნის მთავარ მონაკვეთს. მისი მიზანია, ჰაზარის რეგიონის ბუნებრივი აირი ევროპამდე თურქეთისა და საქართველოს გავლით მიიტანოს. ეს 3 500 კილომეტრის სიგრძის დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

 

მისივე თქმით, გასული 18 წლის განმავლობაში თურქეთში ცვლილებათა პროცესმა შექმნა შესაფერისი გარემო ენერგორესურსების თურქეთსა და ევროპაში გასატარებლად.

 

„აზერბაიჯანსა და საქართველოსთან თანამშრომლობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნედლი ნავთობის მილსადენი 2006 წელს გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა. მოგვიანებით, 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენმა ფუნქციონირება დაიწყო, რათა აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის ველიდან საქართველოსა და თურქეთში ბუნებრივი აირი მიეწოდებინა“, - წერს თურქეთის პრეზიდენტი.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრანსანატოლიური მილსადენისთვის პირველი ნაბიჯები მთავრობათაშორის შეთანხმებით გადაიდგა, რომელსაც 2011 წლის 25 ოქტომბერს მოაწერეს ხელი თურქეთმა და აზერბაიჯანმა.

 

მოლაპარაკების შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის ველის პარტნიორების მხარდაჭერით, მთავრობათაშორისი შეთანხმებისა და ტრანსანატოლიური მილსადენის მასპინძელი მთავრობის შეთანხმებით, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 2012 წლის 26 ივნისს.

 

„2013 წლის დეკემბრიდან, პროექტის მეორე ფაზისთვის, შაჰ-დენიზის ველის პარტნიორების მიერ ფინალური საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარეობს სამუშაოები ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გაფართოებისთვის, რომელიც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თურქეთში გადის. ამან დააჩქარა ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა. ტრანსანატოლიური მილსადენი 2015 წლის 17 მარტს, ფუნდამენტის ჩაყრიდან მოკლე დროში, სამ წელიწადში აიგო, ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთისთვის 2018 წლის 12 ივნისს დაიწყო. დამატებით, 2019 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა მილსადენის ევროპული ხაზი“, - აღნიშნავს ერდოღანი სტატიაში.

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის მხარს უჭერს ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპს საქართველოდან თურქეთამდე და ევროპამდე.

 

ერდოღანის თქმით, უახლოეს წლებში ტრანსანატოლიური მილსადენის სიმძლავრე 24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდება, შემდეგ კი მაქსიმალურ სიმძლავრეს - 32 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა მსოფლიოში ბუნებრივი აირის ბაზარზე მე-18 ადგილს იკავებს და ესაზღვრება ევროპას, სიდიდით მეორე უმსხვილეს ბაზარს მსოფლიოში. შედეგად ტრანსანატოლიურ მილსადენს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს თურქეთსა და ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისი, რომელიც მოიპოვება აზერბაიჯანის დანარჩენ საბადოებზე, კასპიის სხვა რესურსებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

 

თურქეთის პრეზიდენტი წერს, რომ გასული ორი საუკუნის განმავლობაში ენერგორესურსებზე კონტროლის მოსაპოვებლად დიდი ომები იყო, ტრანსანატოლიური მილსადენი კი, მშვიდობისა და თანამშრომლობის საუკეთესო პასუხია კონფლიქტურ გარემოში, რომელიც პროვოცირებულია ზოგიერთი მხარის მიერ ენერგორესურსების გამო. „თურქეთმა და საქართველომ გამოიყენეს მათი გეოგრაფიული მდებარეობა, (რომელიც შემაკავშირებელი წერტილია ენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნებისთვის), მშვიდობისა და თანამშრომლობის პირობების შესაქმნელად და არა კონფლიქტების წასახალისებლად. „ორივე ქვეყანამ სანიმუშო მაგალითი უჩვენა მსოფლიოს, მიეწოდებინა ენერგეტიკული რესურსები კაცობრიობისთვის იმ დროს, როდესაც რეგიონული დაძაბულობა და არასტაბილურობა ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

 

მისი თქმით, ტრანსანატოლიური მილსადენი არის ენერგიის აბრეშუმის გზა.

 

„მისი მტკიცე და მდგრადი ეკონომიკის, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკისა და სტაბილური ადმინისტრაციული მიდგომის გარდა, თურქეთი ასევე ემეზობლება ბუნებრივი აირითა და ნავთობის მდიდარ ქვეყნებს, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამ დრომდე, თურქეთი მოქმედებდა, როგორც უსაფრთხო ხიდი მომპოვებელ ქვეყნებსა და სამომხმარებლო ბაზარს შორის და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, - წერს თურქეთის პრეზიდენტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიას, შეფასებით საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ საზოგადოება მოატყუა.

 

მისი შეფასებით, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში , რომელზეც პრემიერმინისტრმა ისაუბრა, სოფლად მაცხოვრებელთათვის არაფერია ნათქვამი.

 

“გახარიამ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია არც კი ახსენა. სათვალავშიც კი არ ჩააგდო, ეს არის ენით აღუწერელი კადნიერება, რაც გუშინ მილიარდელის წარმომადგენელმა, გახარიამ აკადრა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს.

 

გუშინ მთელი ერთი საათის განმავლობაში გახარია საუბრობდა ციფრებზე, პროცენტებზე , შავი გაასაღა თეთრად.

 

სად არის საგანგებო ბიუჯეტი? არ არის! სად არის ის 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი? არ არსებობს! თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა.

 

საგანგებო ბიუჯეტს რომელსაც ვერ ამტკიცებენ საქართვლოს 100 ათასობით მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ დაფინანსების წყაროები არ არსებობს.

 

ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენ ამოშალეთ, ამოიღეთ, ამოშანთეთ მოსახლეობის რიგებიდან სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები? ანუ, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს აღარ თვლით ადამიანებად? მათ აღარ აქვთ ხელები, აღარ მეტყველებენ, აღარ შიათ, სამსახური არ უნდათ?

 

სასოფლო დასახლებებში მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი ცხოვრობს და არცერთი სიტყვით თქვენ არ გიხსენებიათ ისინი, სათვალავშიც კი არ ჩააგდეთ. ყასიდადაც არ შესთავაზეთ არცერთი ინიციატივა. არადა როგორც არასდროს დღეს სჭირდება სასოფლო დასახლებაში მცხოვრებელ ადამიანებს დახმარება.

 

როგორც არასდროს ისე, დღეს სჭირდება გლეხს შეხიდება, რომ მოუაროს, მოიყვანოს ბოსტნეული, ხეხილი, ვაზს მოუაროს

 

სად არის აგრო ვაუჩერები? რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით ოპოზიციაში? არ არის აგრო ვაუჩერები! და რა უთხარით გუშინ საზოგადოებას, როგორც მინიმუმ მილიონ ნახევარს? არაფერი! ხვიშტიო უთხარით! – განაცხადა ნიკა მელიამ.

სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, - აღნიშნული განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა, რითიც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმარურა.

 

„თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა რომ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან -მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს.

 

სალომე ზურაბიშვილს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დანიშვნის საკითხი მიუღებლად მიაჩნია.

 

„როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული.

 

დღეს შექმნილ ვითარებას განიცდის ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნების ისტორიასა და ერთად გავლილ უმძიმეს გზას პატივს სცემს და ვისაც აღელვებს ჩვენი სტრატეგიული მეგობრობის მომავალი. მათ შორის ვარ პირადად მე - საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთან ერთად არის საზოგადოების უმრავლესობა. მოვლენების ასე განვითარება კი მხოლოდ მათ შეიძლება სურდეთ, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ურყევ მეგობრობაში ბზარის გაჩენა აწყობთ.

 

მე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რამეთუ უკრაინასა და საქართველოს არამარტო საუკუნოვანი მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებთ, არამედ ახლო წარსულში ერთდროულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზა და საერთო მიზნები: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეკონომიკური გეგმები, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის გამყარება და რეგიონალური როლის დამკვიდრება, - რაც კორონავირუსის გამოწვევის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩანს. ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან - უკრაინა.

 

პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება.

 

მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ - ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშის გაწევა და თანადგომა, თუმცა წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე მძაფრი რეაქცია არ გვქონია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა და სააკაშვილის დანიშვნა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული.

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ამჟამინდელი საფიქრალია. პოლიტიკური დისკომფორტი უნდა იყოს, როდესაც ხელისუფალი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორგზის დამნაშევდ ცნობილ პირს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას სთავაზობს. მართალი გითხრათ, ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს - მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს პოლიტიკურ თანამდებობას. ამ თემას აღარ განვავრცობ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დასრულდა მისი მოღვაწეობა პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გააანალიზოს. ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა. ამას ვერაფერი შეცვლის და, დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობა აქვს უკრაინას საქართველოს მიმართ. ყველას კარგად ახსოვს, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა ამ ქვეყანაზე. ვგულშემატკივრობ უკრაინას ისევე, როგორც საქართველოს, და მინდა, რომ ერთიანები ვიყოთ ყველა საკითხში. პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშის გაწევა და თანადგომა, თუმცა წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე მძაფრი რეაქცია არ გვქონია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა მისი დანიშვნა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს მეგობრობას“, - განაცხადა კალაძემ.

 

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე დასმულ შეკითხვას.

 

მისი თქმით, „თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.

 

უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერი შეცვლის, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად, მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმის თრევა და ომონის თუ პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.

 

ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“, - განაცხადა გახარიამ.

 

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.

 

ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს სჭირდება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს.

 

“პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ეს წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მითუმეტეს ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია, არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. არც ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და მათ შორის არც ყოფილმა პრეზიდენტმა არ უნდა აქციონ უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის, განხილვის და მითუმეტეს დაპირისპირების თემად”, - განაცხადა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩნელებისთვის 200 ლარიანი დახმარება არ არის მაღალი თანხა. არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. როგორც ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.

 

„თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია შეთავაზება, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ეს ერთია, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი, ეს მეორე. წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ახლა კი 200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, ვთქვათ, 1500- ლარიანი, 2000-ლარიანი იყო ხელფასი და დაიკარგა, სრულად ანაზღაურდეს. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელი, ჯეიმს გილმორი განცხადებას ავრცელებს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით.

 

„აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფმა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული, ინტენსიური „ბორდერიზაცია“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ტახტისძირთან ახლოს. კიდევ უფრო მაშფოთებს ის, რომ ეს ქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლურ აღდგომაზე და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე. ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე და მოთხოვნა, რომ საქართველოს უშიშროების ძალებმა ეს ტერიტორია დატოვონ, დაძაბულობას ზრდის და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ამ და ყველა იმ ქმედებას, რომლებიც ამძაფრებენ დაძაბულობას და ხელს უშლიან ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ჩვენ ნებისმიერი მანიშნებლების, სტრუქტურებისა და ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციულ ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციის“ გაძლიერებისა და გაფართოებისკენ“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

 

აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპირება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გულისხმობს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე მისი ძალების დაბრუნებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა.

 

როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

 

"ძვირფასო კოლეგა,

 

დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგაგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

 

სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს "ვერხოვნა რადა"-ში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

 

გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. პატივისცემით, არჩილ თალაკვაძე",- წერია წერილში, რომელსაც არჩილ თალაკვაძე აწერს ხელს.

უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა თბილისში, დიდი ალბათობით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ და მიუღებელ ნაბიჯად იქნება აღქმული, - ამის შესახებ გამოცემა Интерфакс-Украина-ს საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განუცხადა.

 

„თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რამდენიმე წლის წინ საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნით მიმართა და სისხლის სამართლის საქმეების დოკუმენტაცია გადაუგზავნა. გარდა ამისა, ამ ადამიანმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ. ამის ფონზე ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა თბილისში, დიდი ალბათობით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ და მიუღებელ ნაბიჯად იქნება აღქმული“, - განაცხადა შარაშენიძემ.

 

მისივე თქმით, უკრაინული მხარისთვის საქართველოს პოზიციის შესახებ უკვე ცნობილია. „ჩვენ ვაფასებთ უკრაინასთან მეგობრობას და იმედს გამოვთქვამ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სტრატეგიული პარტნიორი გაითვალისწინებს სააკაშვილისადმი და მისი დანაშაულებისადმი ქართული მხარის დამოკიდებულებას, რასაც სასამართლოს განაჩენებიც ადასტურებს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

 

თეიმურაზ შარაშენიძემ ასევე გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები უკრაინაში, რომელთა ფარგლებშიც საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო შეიქმნა. თუმცა, ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა „ბევრს არ მოსწონს“.

 

„რამდენჯერმე დაფიქსირდა ჩვენს ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მცდელობები, თუმცა, საბედნიეროდ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

 

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება ორი მუხლი:

 

4210 მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.

 

მუხლს თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში შსს-ს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

 

· 17715 მუხლის (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს აგრეთვე 4210 მუხლის შენიშვნის ნორმები. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?