Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ სასულიერო აკადემიის პედაგოგს გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია აღნიშნული საბჭოს განცხადებაში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გოჩა ბარნოვს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა შეუწყდება მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას.

 

„მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბატონ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს.

 

აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევები:

 

1. ქრისტიანული ეთიკის ყველა ნორმის დარღვევას წარმოადგენს გოჩა ბარნოვის განცხადება იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდის წევრები „ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ“. ბარნოვი აფართოებს თავის ბრალდებას და ცილს სწამებს მთლიანად საქართველოს ეკლესიას, აბრალებს რა მას პრორუსულობას. აი, გოჩა ბარნოვის შესაბამისი სიტყვები: „საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს... მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“. მან იგივე ცილისწამება დაადასტურა 11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე. ასევე ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი სიტყვები: „ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას“. დაუშვებელია, რომ ნორმალურ ადამიანებად და საღ ჭკუაზე მყოფებად არ მიიჩნიო ეკლესიის იარარქები და, საზოგადოდ, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერი პირი.

 

2. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამდებობრივი ინსტრუქცია − 8.7. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პედაგოგის მოვალეობა, კერძოდ, „რექტორთან (პრორექტორთან) პრესასა და ელექტრონულ მედიაში გამოსაქვეყნებელ იმ პუბლიკაციათა შეთანხმება, რომლებიც სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ, კანონიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“. აღნიშნული ქვეპუნქტი დაირღვა გოჩა ბარნოვის უაღრესად შემაშფოთებელი და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასული უტიფარი განცხადებით:

 

„თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“.

 

3. გოჩა ბარნოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის 2018 წლის 14 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება − 3.1.15. პუნქტი, რომლის თანახმად, სასწავლებლის პედაგოგს ეკრძალება: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანი რეპუტაციის, პრესტიჟის შემლახავი ცნობების რაიმე ფორმით გავრცელება“. აგრეთვე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესი − 8.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სასწავლებლის თანამშრომელთათვის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიერ „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ან/და მისი თანამშრომლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი განურჩევლად იმისა, თსას-შია ჩადენილი თუ მის გარეთ“.

 

აღნიშნული პუნქტები დაირღვა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებით:

 

„მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“.

 

აღნიშნული განცხადება უკიდურეს შეურაცხყოფას აყენებს როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ისე მთელ საპატრიარქოს და თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა პედაგოგს, მაშინ როცა სინამდვილე რადიკალურად განსხვავებულია, ვინაიდან სწორედ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შუამდგომლობით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში პერიოდულად იგზავნებოდნენ და იგზავნებიან აკადემია-სემინარიის წარჩინებული სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში მათ შორის, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში. საგანგებოდ აღსანიშნია, რომ თავად გოჩა ბარნოვი საკუთრივ აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პირადი ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე მისი უშუალო შუამდგომლობით სასწავლებლად გაგზავნილ იქნა საბერძნეთში. თვალსაჩინო რომ გახდეს აღნიშნული ბრალდების აბსოლუტური უსაფუძვლობა, წინამბდებარე განცხადებას ვურთავთ იმ სტუდენტების არასრულ სიას, შესაბამის ქვეყნებსა და ქალაქებზე მითითებით, რომლებიც სწორედ აკადემიის სახელით იქნენ გაგზავნილნი ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში.

 

ამავე პუნქტის დარღვევაა გოჩა ბარნოვის შემდეგი განცხადებები:

 

ა) „ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად "ამხანაგების": მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა“ (11 თებერვალს გამართულ დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის სხდომაზე გოჩა ბარნოვმა დააკონკრეტა, რომ იგი „ამხანაგებს“ უწოდებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მათი (გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის, დეკანოზ ბიძინა გუნიას, თბილისის სასულიერო აკადემიის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას და თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ქალბატონ გვანცა კოპლატაძის) მოქმედება აგონებს მას (ბატონ გოჩა ბარნოვს) „ძველ ბოლშევიკურ გადმონაშთს“.

 

ბ) „ეს სხდომა წინასწარ იყო ორკესტრირებული, იქ შეკრებილნი იყვნენ ჩემს დასასჯელად და არც მეტი და არც ნაკლები პატრიარქისა და ეკლესიის მტრობას მაბრალებდნენ“.

 

გ) „სამეცნიერო საბჭოს რამდენიმე წევრმა პირადად შემატყობინა, რომ რექტორისაგან ამორჩეული რამდენიმე დოქტორანტი, ტელეფონით უკავშირდებოდა საბჭოს წევრებს. ზოგიერთ მათგანს ტელეფონშივე უკითხავდნენ მათ ზურგსუკან შედგენილ ახალ საბრალდებო ტექსტს და რექტორის სახელით მათგან დაჟინებით მოითხოვდნენ ფორმალურ თანხმობას“.

 

დ) „ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ აკადემიის რექტორს. ეს მისი სტილია, შავი საქმეები სხვისი ხელით გააკეთოს. ამ შემთხვევაში ასეთი ინსტრუმენტი სამეცნიერო საბჭოა. ამ უკანასკნელის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ტრადიციული პროცედურების გარეშე არაფორმალურ ვითარებაში აქვთ მინიჭებული. ისინი პირადად რექტორ ზვიადაძისაგან არიან დავალებულნი ამ ფსევდო აკადემიური ხარისხების და მასზე დაფუძნებული აკადემიური პოზიციების გამო. სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთი წევრი თავისი სპეციალობით გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ არ გააჩნია თეოლოგიური განათლება და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით მოიპოვეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. რექტორი გიორგი ზვიადაძე, როგორც ჩვევია მოურიდებლად ახსენებს ყველას, თუ ვინმესთვის რამე გაუკეთებია და მადლიერების სახელით მათგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. სწორედ ამით აიხსნება, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სამეცნიერო საბჭოს მართლაც რამდენიმე ღირსეულ წევრს აიძულა დავესაჯე ჩემი ფეისბუკ პოსტების გამო“.

 

საბჭომ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ აკადემიაში საქმიანობის პერიოდში გოჩა ბარნოვმა არაერთგზის დაარღვია შრომითი დისციპლინა, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის ზომები (სიტყვიერი გაფრთხილებები და საყვედური, რის გამოც მას ერთი წლით შრომითი ხელშეკრულებაც კი ჰქონდა შეწყვეტილი). ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მან კვლავ განაგრძო მსგავსი ქმედებანი.

 

7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შექმნილმა კომისიამ შესთავაზა გოჩა ბარნოვს, წერილობითი სახით წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და გამოეხატა გულწრფელი სინანული მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

 

14 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე იყო მოლოდინი, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვი წარმოადგენდა შესაბამის წერილობით ახსნა-განმარტებას და გამოხატავდა გულწრფელ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო. მან, მართალია, წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება და გამოხატა გარკვეული სინანული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი. აღსანიშნავია, რომ ბ-ნი გოჩა ბარნოვის ახსნა-განმარტება წარმოადგენდა პასუხს თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 8 თებერვლის განცხადებაზე, თუმცა როდესაც იგი მოიწვიეს 14 თებერვლის საბჭოს სხდომაზე და წაუკითხეს 7 თებერვლის სამეცნიერო საბჭოს სხდომის შემდეგ მის მიერ გაკეთებული ახალი ცილისმწამებლური განცხადებები, ერთი მხრივ, იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიას თითქოსდა „შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“ და რომ თურმე ამის გამო „გადაემტერნენ“ გოჩა ბარნოვს, ხოლო მეორე მხრივ, იმის შესახებ, რომ თითქოსდა აკადემიის რექტორი „თავის შავ საქმეებს“ სხვისი, კერძოდ, სამეცნიერო საბჭოს ხელით ასრულებს, მან პასუხად, ნაცვად სინანულისა, განაცხადა, რომ არ აპირებდა მეტი ახსნა-განმარტების დაწერას, რითაც საერთოდ უარი თქვა ზემოხსენებულ ცილისწამებათა აღიარებაზე.

 

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა სრულიად დაუშვებლად და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნიეს არა, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის გამოთქმის ფაქტი, როგორც ამის წარმოჩენა ძალიან სურს ბ-ნ გოჩას, რომ ამ გზით საკუთარი თავი თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო დევნილად წარმოუდგინოს საზოგადოებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის ცილისმწამებლური და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმა აზრის გამოხატვისა, რასაც მისგან არაერთგზის ჰქონდა ადგილი.

 

საგანაგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა, მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და თითოეული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოსთვის.

 

აშკარაა, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების მხრიდან მცდელობა იმისა, რომ სხვადასხვა სახის ცილისმწამებლური განცხადებების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რის გამოც თბილისის სასულიერო აკადემია იტოვებს უფლებას, საზოგადოებისადმი უდიდესი პატივისცემით, შესაბამისი პასუხი გასცეს ყოველ ამგვარ დეზინფორმაციას.

 

თბილისის სასულიერო აკადემიის ინიციატივით და შუამდგომლობით საზღვარგარეთ სწავლების კურსი დაასრულეს შემდეგმა სტუდენტებმა:

 

1. გოჩა ბარნოვი - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

2. ლევან ბუკია - ათენის უნივერსიტეტი (2004-2008);

 

3. ზაზა ეჯიბიშვილი (მამა მიქაელი) - ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);

 

4. ავთანდილ წერეთელი - ათენის უნივერსიტეტი (2007-2012);

 

5. ავთანდილ გიუნაშვილი - ათენის უნივერსიტეტი (2005-2010);

 

6. დიმიტრი ნაჭყებია - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

7. არკადი ხაჩიძე (მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი) - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

8. მღვდელი გიორგი ხაჩიძე - ათენის უნივერსიტეტი (1998 - 2002);

 

9. დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე - რომის რუსიკუმის უნივერსიტეტი (1996-1997);

 

10. სერგო ფარულავა - რომის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

11. თემურ ბუაძე - ფრაიბურგის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

12. დავით ჩანადირი - ლონდონის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

13. არქიმანდრიტი აბო ჩიჩუა - პარიზის სენ-სერჟის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (2000-2004);

 

14. დეკანოზი ანდრია თოდაძე - შტუტგარდის უნივერსიტეტი (2000-2004);

 

15. დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი - კონსტანცას ოვიდიუსის სახ. უნივერსიტეტი (1999-2002);

 

16. სუბელიანი კობა - გერმანია (2000-2004).

 

17. ზაქრო ნათენაძე (2014-2018) - ათენის უნივერსიტეტი.

 

საზღვარგარეთ სწავლას აგრძელებენ შემდეგი სტუდენტები:

 

ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი:

 

1. ნინო საძაგლიშვილი

 

2. ნიკოლოზ ღონღაძე

 

3. დავით ნებიერიძე

 

4. კახაბერ უსუფაშვილი

 

5. თორნიკე მამნიაშვილი

 

6. ივანე შოშიაშვილი შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი: შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს:

 

7. საბა კევლიშვილი

 

8. იეროდიაკონი გაბრიელი (ნოდარ) ბარათაშვილი პარიზის სენ-სერჟის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი:

 

9. გრიგოლ კუბლაშვილი - დოქტორანტურა, III კურსი.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საბჭომ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, დაადგინა, რომ ბ-ნ გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას (რაც დადასტურდა საბჭოს წევრთა ხელმოწერებით). აქვე აღვნიშნავთ, რომ საბჭოს სამმა წევრმა, დეკანოზმა, პროფესორმა მიქაელ გალდავამ, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გრიგოლ ხაჭაპურიძემ და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა თეა ბეჟუაშვილმა, ერთი მხრივ, სრულად გაიზიარეს აკადემიის საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია, რომ გოჩა ბარნოვის ზერმოაღნიშნული განცხადებები შეურაცხმყოფელია და ცილისმწამებლური საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს, აკადემიის რექტორის და აკადემის სამეცნიერო საბჭოს მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, გამოთქვეს აზრი, რომ გოჩა ბარნოვისადმი დისციპლინური სახდელის ზომად გამოყენებული იყოს მხოლოდ უკანასკნელი საყვედური“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის როლი უკრაინის ისტორიაში“ ამ თემაზე რონდელის ფონდში დისკუსია გაიმართა.

 

მომხსენებლებმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დამოუკიდებელი ეკლესიის როლზე ისაუბრებს.

 

ექსპერტების თქმით უკრანიის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფლიის მინიჭება მნიშვნელოვნად აძლიერებს უკრაინულ სახელმწიფოსა და იდენტობას. რუსეთი კი კონსტატინეპოლისი ამ ნაბიჯს, მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილად განიხილავს, რადგანაც კრემლი უკრაინას ,,რუსული სამყაროს“ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

 

მათი განმარტებით ისტორიის განსხვავებული აღქმები და მიმდინარე პროცესები, არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში გამოიწვევს დაპირისპირებას, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაც გახდება.

 

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის ბათო ქუთელიას განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს, რადგან უკრაინის ხალხი ზეიმობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

 

,,საქართველოსთვის უკრაინის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია. ძალიან მარტივი სურათია, არის შავი და თეთრი, არ არსებობს რაღაც ნაცრისფერი ზოლი, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიულოცოს უკრაინელ ხალხს, რადგან უკრაინელი ხალხი ზეომობს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარეს არის რუსეთი და მასთან აფირილებული სახელმწიფოები“ - განაცხადა ქუთელიამ

 

,,ალექსანდრე რონდელის ფონდის“ პრეზიდენტის ეკა მეტრეველის თქმით  კი უკრაინა-რუსეთის საეკლესიო დაპირისპირება, მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენად იქცა

 

,,უკრაინა-რუსეთის საეკლესიო დაპირისპირება უკვე გაცდა, ამ ორი ქვეყნის ინტერეს და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენად იქცა“ - აღნიშნა ეკა მეტრეველმა

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

ალფეევმა კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომლის თქმით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა.

 

„ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“, - განაცხადა რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა.

ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

როგორც მიტროპოლიტმა გრიგოლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ალფეევი არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყებს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

 

მიტროპოლიტი გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზე და ამბობს, რომ მასში სახიფათო ნაღმებია დამალული.

 

„ამ საკითხში იმდენად ძლიერია პოლიტიკური შემადგენელი, რომ რელიგიურს ტოლს არ უდებს. იქნებ, საზოგადოების აზრი შეგვესწავლა და ის გაგვეზიარებინა? ეს თემა იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მისი გავლენა აისახება არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაზე. მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ეკლესიას ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, საქართველო დააბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც გამოვედით, მაგრამ ბოლომდე არ დაგვიღწევია თავი. ესაა საბჭოთა მენტალიტეტის, საბჭოური ისტორიის წიაღი. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პროცესია. ბოლომდე არ ვართ წარსული გავლენებისგან თავისუფალი“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

 

მისივე განცხადებით, „რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

„თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

 

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან თბილისში კარგად ესმით, რა ემუქრება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“.

ისტორიაში პირველად, რომის პაპი, სამდღიანი სამოციქულო მოგზაურობის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა. ფრანცისკე რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე გაემგზავრა.

 

აბუ-დაბიში გამგზავრებამდე ერთი საათით ადრე, ვატიკანში ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს, პონტიფიკოსმა თავის ვიზიტს საემიროებში „მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი მოგზაურობა“ უწოდა. ამის შემდეგ რომის პაპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა: „მივემგზავრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ამ ქვეყანაში მივემგზავრები როგორც ძმა, რათა ერთად დავწეროთ დიალოგის ახალი გვერდი და განვვლოთ მშვიდობის ბილიკებზე. ილოცეთ ჩემთვის!“.

 

აბუ-დაბიში რომის პაპის ვიზიტი 5 თებერვლამდე გასტანს, რომელიც იქ შეიხ მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანის მიწვევით გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო რელიგიათაშორის შეხვედრაშიც.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განუცხადა.

 

მღვდელმთავარმა პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა".

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული სიხარულია მათთვის, რადგან იმყოფებიან საქართველოში და საშუალება ჰქონდათ კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ესაუბრათ გარკვეულ საკითხებზე.

 

„ჩვენი საუბარი დღეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხებს, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს საპატრიარქოსა და მსოფლიოს საპატრიარქოს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან", - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

 

მისივე თქმით, მათი შეხვედრის მიზანი გარკვეულ დეტალებზე ინფორმირება იყო.

 

"ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხება, რაზე არის საუბარი ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის. კეთილი, გაგებული, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე", - განაცხადა მეუფემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი უკრაინის მხრიდან საქართველოს პოზიციაზე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და არაღიარების შემთხვევაში, ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ კლიმკინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც კლიმკინი ამბობს, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მხრიდან მხოლოდ დროის საკითხია. „საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. გვჯერა, რომ თანდათან მოვიპოვებთ აღიარებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვინც ახლა ამბობს, რომ ეს რთულია, შეუძლებელია ან შესაძლებელია, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათ აღიარებასაც მივიღებთ და რა თქმა უნდა, მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც. მახსოვს, ჩემი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -სთან. ეს ძალიან თბილი და ადამიანური შეხვედრა იყო და მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია. მითხრა: „აქამდე თქვენ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა იბრძოლოთ“, - განაცხადა კლიმკინმა.

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იუწყება.

 

ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, მიტროპოლიტ ეპიფანეს კიევისა და სრულიად უკრაინის ეკლესიის მეთაურად ინტრონიზაციის ცერემონია წირვის მსვლელობისას გაიმართა. საზეიმო მსახურებაში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი მაკარი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი წარმომადგენელი მიტროპოლიტი სიმეონი მონაწილეობდნენ.

 

უკრაინული მედია წერს, რომ საეკლესიო სიმბოლოების მიღების შემდეგ, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი მეთაური გახდა.

 

ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.

 

11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.

 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

„სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები: ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია როგორღაც ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა, სინამდვილეში, თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს ამ პოზიციას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა, აქვს თუ არა რუსეთის ეკლესიას გავლენა სხვა ეკლესიებზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენს ეკლესიაზე ნამდვილად არა, რადგან ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებაზე", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მას ასევე კითხვით მიმართეს, თუ როდის დააფიქსირებს საქართველოს საპატრიარქო თავის პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდეგი სინოდისთვის, რადგან არის ბევრი დეტალი. მრავალი შეკითხვაა სინოდში. ასე, რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ვადებზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

 

მეუფეს ასევე კითხვით მიმართეს, თუ როგორ შეაფასებს იერუსალიმის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ერთ-ერთმა ფაქტიურად დაუჭირა მხარი.

 

„ეს ბუნებრივი პროცესია. ისტორიაში ყოველთვის ესე იყო. ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია. რაც მთავარია, მიტროპოლიტმა ბრძანა, რომ მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში", - განაცხადა მეუფემ.

რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

 

პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა სექსუალური ძალადობა.

 

გამოცემის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს განცხადება ეკლესიის პირველი ოფიციალური აღიარებაა. პაპის თქმით, კათოლიკური ეკლესია ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ პრობლემიდან, მაგრამ ძალადობის შემთხვევები კვლავაც მეორდება.

საპატრიარქოს შეფასებით, გადაცემაში “ეკლესია და მსოფლიო” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, მუქარის შინაარსს იძენს. საპატრიარქო ასევე მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზე და დიპტიხთან დაკავშირებით.

 

ამასთან, როგორც საპატრიარქო აცხადებს, მათ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეატყობინეს, რომ ისინი მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდნენ და ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება სთხოვეს.

 

“გადაცემაში “ეკლესია და მსოფლიო” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად.

 

ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლად გამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოჰყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

 

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც.

 

მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს.

 

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე-6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი - მე-9-ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

 

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის.

 

P.S. როგორც ახლახან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეგვატყობინეს, ისინი შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით. მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე. გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არც ერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, რომელმაც საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან პატრიარქის შეხვედრა შეაფასა.

 

მეუფე შიომ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა კორექტული მიდგომისთვის.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რათა დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას ამ ეტაპზე, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. ეს მიტროპოლიტმა საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?