ჩვენ გვესმის, რომ „თავისუფლების საზღვარი“ ვრცელდება მხოლოდ იქამდე, სადამდეც - დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა, ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, - ამის შესახებ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო მიმართულებით წარმატება შიდა რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება.

 

„დემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ასაკის, სქესის, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანისათვის თვითრეალიზების შესაძლებლობის მიცემა თავისუფალ და თანამედროვე საზოგადოებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა დაასრულა ხელისუფლების ორგანოთა დაბალანსებული სისტემის შექმნისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი.

 

„გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც თავიდან აგვარიდებს ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრევენციას, ხელს შეუწყობს პარტიული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას.

 

საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს პარლამენტის ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით და მათზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული ეფექტური მმართველობის გაძლიერებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.