„ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კორონა მთებში ისვენებსო. ყაზბეგსა და მესტიის რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოსალოდნელი იყო, რომ მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა.

 

„პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფექებები იქნებოდა, რაც დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი უნდა იქნას დაცული. ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შესაბამისი ღონისძიებები დროზე იქნას გატარებული. ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში გახლავთ, სადაც კი შემსუბუქება იწყება. წლობით ვერ იქნება ქვეყნები ჩაკეტილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია და 20-30 ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. გამყრელიძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

„ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცვათ ის რეკომენდაციები', რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თავიდან ავირიდებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.