არ გვინდა ჯერ 300 - 500 - კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია. მისივე განცხადებით, მოსახლეობა აღარ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია.

 

„რთულია მოსახლეობას აუხსნა, რომ არ გვინდა რა ჯერ 300 - 500 - კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია ჯერჯერობით არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ, მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ აი, ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო!“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054 - ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.