„მესტიის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა მოხდეს თითოეული მათგანის აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაიყვანა“ - ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

 

„ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ, კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ, დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადაც იქნებიან იქამდე, ვიდრე დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.

 

მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.

 

მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს.

 

დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც სასტუმროებს ეწვევა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებსა და დამსვენებლებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. დეტალებს გაეცანით აქ.

 

10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

 

StopCov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1054-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 279.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.