"პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე მიიღეს.

 

ირმა ინაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 79 პარლამენტარი დაეთანხმა, ხოლო გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღესვე განიხილეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზეც და ცნობად მიიღეს.

 

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამივე წევრმა დაადასტურა, რომ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არის მათი ნების გამოხატულება.

 

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან: - გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია.

 

“პატრიოტთა სიით“ პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტი სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, 54-მა ოპოზიციონერმა გამოხატა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.