კენიაში, ლამუს რეგიონში ისლამისტ მეამბოხეთა დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ კენიურ-ამერიკულ სამხედრო ბაზა „კემპ სიმბას“ დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

კენიის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ თავდასხმა მოიგერიეს და ოთხი ისლამისტი მეამბოხე მოკლეს. The Associated Press-ის ცნობით, თავდასხმის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ამერიკული თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და რამდენიმე ავტომობილი დაიწვა.

 

რაც შეეხება „ალ-შაბაბს“, მათი ინფორმაციით, შეტაკებისას რამდენიმე ამერიკელი და კენიელი სამხედრო დაშავდა, თუმცა აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა კრისტოფერ კარნსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

„ალ-შაბაბი“ დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ მოკავშირეა, მისი შტაბბინა კი სომალიში მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში „ალ-შაბაბის“ თავდასხმას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.