სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, კერძოდ თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას "აღმოსავლეთ ოსეთის ისტორიულ ნაწილს" უწოდებს. მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნისას ბოლშევიკებმა ოსებს ტერიტორია უკანონოდ ჩამოაშორეს.

 

"აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გარეთ დარჩა და შემდგომში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებშიც ვერ მოხვდა, საქართველოს ექსპანსიისთვის მარტივ ნადავლად იქცა. დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სამშობლო საზღვარგარეთად იქცა", — ამბობს მედოევი გამოცემა Neues Deutschland-თან ინტერვიუს დროს.

 

მისივე თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობასა და პრეზიდენტს სურს, რომ ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან დაიბრუნონ:

 

"სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა არაერთხელ წამოაყენეს დევნილების პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც და სამომავლოდაც გააგრძელებენ ამას, იმისთვის რომ ოსები წინაპართა ისტორიულ მიწებს დაუბრუნდნენ".

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით Neues Deutschland-თან კომუნიკაცია ჰქონდათ და ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

"აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) აქვეყნებს ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია "რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

 

როგორც სამინისტრო განმარტავს, გამოცემის სტატიები რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით გამოირჩევა, სადაც გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.